logo
ENG



დეკანოიძე "უცხოურ აგენტზე": ორივე ვარიანტი არის რუსული კანონი

27 თებ 202311:07
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტის ორივე ვარიანტი რუსული კანონია. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეკანოიძემ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ევროკავშირში ინტეგრაციის დესტრუქციაა. 

"ეს ორივე კანონპროექტი არის რუსული ვარიანტი და ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება. ნებისმიერი ადამიანი უმრავლესობიდან, რომელიც შევა კანონპროექტების განხილვაში, რომელიც გადაწყვეტს, რომ ან პირველ ვარიანტს, ან მეორე ვარიანტს დაუჭიროს მხარი, ეს ადამიანები იქნებიან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დამაბრკოლებლები და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გაჩერების შეუქცევადი გზა", - თქვა დეკანოიძემ.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში, რომელიც პუტინის ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენება. რუსეთის მაგალითის გადმოღება და "უცხოური აგენტების" "გამოვლენა" სცადა უნგრეთმაც. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი ევროპულ პრინციპებთან შეუთავსებელია და საბოლოოდ უნგრეთმა კანონი გააუქმა.

ქართულ ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

რუსულ კანონზე საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციაა. ის გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და აღნიშნა, რომ კანონი ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან შეუთავსებელია. რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო უწყებაც და განაცხადა, რომ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან. 


close დახურვა